მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუკი რამე სიყალბეს გამოხატავს, ეს გუშინდელი არჩევნებია.
„რა თქმა უნდა, ამ ადგილიდანაც და იმ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე! თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს, „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები.
მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა და არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავის ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ, მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, დიახაც, ახლა როგორც არასდროს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ – გამარჯვებისთვის. ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა? ოლიგარქმა? მთავრობამ? – არა! ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომლებმაც უბრალოდ დაირქვეს „ქართული ოცნება“, – განაცხადა მელიამ.
ოპოზიციამ კვირის დღეებში რეგიონებში, 7 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა.