ოპოზიციამ 2 ნოემბერს ბათუმში, ხოლო კვირას, 7 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა

640

ოპოზიციამ კვირის დღეებში რეგიონებში, 7 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.

რუსთაველის გამზირზე დღევანდელ შეკრებაზე ნიკა მელიამ მოქალაქეებს ოპოზიციის გეგმები გააცნო.

“ხელისუფლებას ამაოდ გონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი ძალიან მალე.  ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას.

სამშაბათს ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. ასევე, ვაპირებთ, ვიყოთ ქუთაისში და სხვა ქალაქებში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამიგოთ ახლა – ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს.

მაგრამ ის აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისგან და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.