ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის 39-ე უბანზე.
“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის მარიამ ახალაიას ინფორმაციით, აღნიშნული უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ხვიჩა ცქვიტარიას შორის.
მარიამ ახალაიას თქმით, 39-ე უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა, რა დროსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს.
მისი თქმით, დაპირისპირება მხარეებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
“სანამ უბანი დაიხურებოდა, დაახლოებით 10 წუთით ადრე მოხდა ისე, რომ შუქრო ჩაქრა. ეს უბანი სკოლაშია განთავსებული. თანასოფლელები ამბობენ, რომ სხვაგან ყველგან იყო შუქი, ამ უბნის გარდა. ელექტროენერგია დაახლოებით, 2-3 წუთის განმავლობაში იყო ჩამქრალი.ამ მომენტში მოახერხეს ბიულეტენების მობილიზება, დაახლობით 50 ბიულეტენზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენმა წარმომადგენელმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა. იმ დროს, როდესაც უბანში, ამ გათიშული შუქის ფონზე ჩვენი წარმომადგენელი ხვიჩა ცქვიტარია ცდილობდა ყუთის დაცვას, მას ფიზიკურად შეეხნენ. კომისიის წევრმა ის გამოათრია და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ ჩაირთო დენი და დადგა უბნის დახურვის დროც.
თუმცა, შუქის ჩაქრობის დროს მოხდა ბიულეტენების ჩაყრა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. ანუ, მაგალითად, “ქართულ ოცნებას” აქვს 119 ხმა, მაგრამ უნდა ჰქონდეს 129 ხმა. აღსანიშნავია, რომ 39-ე უბნის თავმჯდომარე არის ამავე სკოლის დირექტორი ნინო ჯიბლაძე,რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებს 50 ხმის გამზადებას დაჰპირდა”, – აცხადებს მარიამ ახალაია.