ზუგდიდის მეორე საარჩევნო უბნიდან, სხვადასხვა ორგანიზაციის 3 დამკვირვებელი გააძევეს. კერძოდ, გაძევებულები არიან ნინო გოგიბერიძე, “ახალგაზრდა თაობა”, მამუკა შალამბერიძე “მწვანე დედამიწა” და ალექსანდრე ნინუა – “აჭარის განვითარების ცენტრი”. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ალექსანდრე ნინუას თქმით, ის უბანში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, როცა შემოვარდა ვიღაც და ყვირილით მიმართა, რომ პანდემია იყო და უკან დაეხია. თავად ამტკიცებს, რომ ყველა წესს იცავდა, თუმცა საბოლოოდ, კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანი გააძევა.
“პროვოკაცია მოხდა და გამომაგდეს. არ უნდათ ბევრი დამკვირვებელი. თავიანთ ნებზე უნდათ ყველაფერი გააკეთონ. უკან დაიხიეო. მეტი უკან არ იყო ადგილი. მივმართე კომისიის თავმჯდომარეს. მან რეაგირება არ მოახდინა. მერე ორივე გამოგვაგდეს, ხელს გვიშლითო”, – აღნიშნა ალექსანდრე ნინუამ.
ამბობს, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი დამკვირვებელი გამოაძევეს, რადგან საჩივრებს წერდა, ეს კი კომისიის თავმჯდომარეს არ უნდოდა.
თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე მარიანა კვარაცხელიას განცხადებით, უთანხმოება დამკვირვებლებს შორის მოხდა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი კომისიის წევრებთან ახლოს იდგა და მათ ხელს უშლიდა სამუშაო პროცესში. ამ დროს მეორე დამკვირვებელმა შენიშვნა მისცა, რომ ცოტა უკან დამდგარიყო, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ის ერთი ძალიან ყვიროდა. კომისიის წევრები შეწუხდნენ. ეშლებოდათ ხელი. ამომრჩევლებიც შეწუხდნენ. სხვა დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა და მომმართეს, რომ რაიმე ზომა მიმეღო. კომისიის წევრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეძევებინა”, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
მარიანა კვარაცხელიას განმარტებით, ერთ-ერთმა ვიდეოს გადაღებაც დაიწყო,რაც არ შეიძლებოდა.ჰქონდა მაქსიმუმ ათი წუთით და არა ისე, როგორც და რამდენ ხანსაც მოისურვებდა.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ინციდენტამდე კიდევ ერთი დამკვირვებელი გააძევა, რადგან კომისიის წევს უწერდა საჩივარს გარეთ გასვლის გამო.
“გარეთ გასვლა კომისიის წევრს ჩვეულებრივ შეუძლია. სველი წერტილისთვის, ან წყალი დალიოს თუნდაც”, – აღნიშნა მან.
უბნის თავმჯდომარის განმარტებით, დამკვირვებელმა უხეშად მიმართა კომისიის წევრს და თავად მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამიტომ, მიიღო მისი გაძევების გადაწყვეტილებაც.
მანამდე, მე-10 უბნიდან ენმ-ის ორი დამკვირვებელი გააძევეს.