ჩიქოვანი: ზუგდიდის 76-ე უბანთან შეკრებილი მოქალაქეები ე.წ. ძველი ბიჭები არ არიან, უმეტესი მათგანი „ქართული ოცნების”  მხარდამჭერია

523

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდის 76-ე უბანთან შეკრებილი მოქალაქეები არ არიან ე.წ. ძველი ბიჭები, უმეტესი მათგანი “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის მხარდამჭერია, რომლებიც საარჩევნო უბანთან კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დგანან.

ამის შესახებ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს 76-ე უბანთან განუცხადა, რომელთან დაკავშირებითაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ გარკვეულ უბნებთან, მათ შორის, 76-ე უბანთან, ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული.

“ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს მამუკა წოწერიას. ზოგი აქ ხმის მისაცემადაა მოსული, ზოგი ელოდება. ეს ადამიანები არ არღვევენ წესებს. შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვიღაცა აპირებდა დაძაბულობას და არეულობის მცდელობა ექნებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, ამიტომაც ვარ აქ, ადგილზე. არამხოლოდ ამ უბანზე, არამედ სხვა უბნებზეც ვიყავი დღის განმავლობაში. აქ მყოფი ადამიანები არანაირ არ არიან ე.წ ავტორიტეტები”, – აცხადებს ჩიქოვანი.