ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაბარებისა და მუქარის ფაქტით საია დაინტერსდა და აღნიშნულზე უწყებათაშორისი კომისიასათვის მიმართვას აპირებს.
საიას გორის ოფისის იურისტი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს უკვე გაესაუბრა, რომლებმაც „ოცნების“ შტაბში მუქარა დაუდასტურეს. იურისტი ფიქრობს, რომ ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. თავის მხრივ, საია აპირებს, რომ მომხდარზე უწყებათაშორის კომისიას მიმართოს.
„ეს არის ზეწოლა და სისხლის სამართლის დანაშაული. არ შეიძლება აიძულო ადამიანი განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. დაუშვებელია, აიძულო, სხვა პარტიას ან კანდიდატს დაუჭირონ მხარი, ვინც მათ არ სურთ“,–აცხადებეს ქეთევან ბებიაშვილი.
საიაში იმედოვნებენ, რომ უწყებათაშორისი კომისია სათანადო რეაგირებას მოახდენს და საქმეს გამოსაძიებლად პროკურატურას გადაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში გამგეობის, შპს–ებისა და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები დაიბარეს. მათ პარტიის რეგონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ რიგითი პარტიული შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა შტაბიდან გამოსული საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ მათ დაემუქრნენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა და მისთვის მუშაობა მოსთხოვეს.