ჩვენს მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები – ირაკლი ჩიქოვანი კენჭისყრის დღეზე

485

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ოპოზიციურ პარტიებს და მედიას უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ბულინგი, რაც მათმა აგიტატორებმა მიიღეს “კანონს დაქვემდებარებული” ქმედებისთვის პირველ ტურში, დაუშვებელია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ჩიქოვანის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები, რომელშიც მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის.

“ეს ინფორმაცია არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს ადამიანები იქნებიან და დაიცავენ 100 მეტრიან პერიმეტრს და ამით ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ არცერთ საკანონმდებლო ნორმას. აქედან გამომდინარე, მივმართავ ყველას, პოლიტიკოსებსაც და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ ამაში არაფერი უკანონო არ არის. ამაში არაფერი არ ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში არსებულ არცერთ ნორმას. მინდა გითხრათ ასევე, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებიც არიან ადგილზე და ჩვენ რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ შემთხვევას. მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებსაც”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

30 ოქტომბერს ზუგდიდსა და ქვეყნის კიდევ 19 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.