“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის ინფორმაციით დააკავეს ყოფილი ძალოვანი, ამირან ჯანაშია. წითლიძე ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
“ცოტა ხნის წინ დააკავეს და ჩვენი ინფორმაციით იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა”, — წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, ოპოზიციის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, ამირან ჯანაშიას დაკავების შესახებ ისაუბრა ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ.
“მე მჯერა, რომ ვერაფერი წინ ვერ დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და ვერანაირი იარაღის ჩადება. ერთი საათის წინ ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს, სენაკისა და აბაშის გზაგასაყარზე მანქანა გააჩერებინეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, დაახლოებით, ერთი საათია, იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ, ეს არის უსამართლო ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს” , – თქვა ნიკა მელიამ.
ჯანაშიას დაკავების შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, თუმცა იარაღის ჩადების შესახებ ინფორმაციას “კრიმინალების გამართლების მორიგი მცდელობა” უწოდა. ამის სესახებ on.ge წერს.
“ესეც არის კრიმინალების გამართლების მორიგი მცდელობა. ზოგადად, კრიმინალებით არის სავსე ეს ორგანიზაცია. ეს შემთხვევა მე კი არ ვიცი, მაგრამ, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ჩვენ ვხედავთ რას, რომ მუდმივად ხდება ნაცმოძრაობის მიერ კონკრეტული კრიმინალების გამართლება. რატომ? იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, ზოგადად, სავსე კრიმინალებით. დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, მეგის ქარდავათი, გიგი უგულავათი, დამთავრებული მთელი რიგი რიგითი აქტივისტებით”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
20 ოქტომბერს, ღამით ხობში ორი ყოფილი ძალოვნის, ლექსო რაფავასა და რუსლან შამახიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. რაფავა დააკავეს, შამახიას თქმით კი, წაიღეს მის სახელზე გაფორმებული იარაღი. ენმ აცხადებს, რომ ლექსო რაფავას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვას მომხდართან დაკავშირებით უპასუხა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა. სხვა კომენტარს შსს ამ ეტაპზე არ აკეთებს.
ამის შემდეგ ძალოვანი უწყების რამდენიმე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა