გოჩა ქიმაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, 28 ოქტომბრიდან შეუდგა. როგორც თავად ამბობს, მერიის ყველა თანამშრომელი საკუთარ პოზიციაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და ამჟამად საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მე უკვე შევუდექი მუშაობას, საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ, ყველას ექნება საშუალება გააგრძელოს მუშაობა დაამტკიცოს თავისი კომპეტენცია. ერთი სიტყვით ვინმეს გათავისუფლებას არ ვაპირებ“, – ამბობს იგი.
მისივე თქმით, მოგვიანებით შესაძლებელია განხორციელდეს შიდა ცვლილებები, თუმცა ამისთვის მეტი დრო სჭირდება: „შესაძლებელია მოხდეს შიდა გადაადგილებები. როგორც ვიცი არის ვაკანტური ადგილებიც. წინა მერის, ბატონი ზაქარიასგან მაქვს მოსმენილი რომ რამდენიმე ვაკანსია არის გამოცხადებული. ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ პირველი დღეა რაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი“.
გოჩა ქიმაძის თქმით, პრიორიტეტი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაა: „პრიორიტეტი იქნება ის დაპირებები რაც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცი, ეს უკვე განსაზღვრული მქონდა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადიგენში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა. “ქართული ოცნებიდან” გოჩა ქიმაძე, ნაციონალური მოძრაობიდან კი, მარეხ დათიაშვილი. ქიმაძემ ამომრჩეველთა ხმების 64.33% მიიღო, დათიაშვილმა კი 35.67%.