გიორგი კირთაძე: „ქართული ოცნება“ დიდი წვალების მიუხედავად ბათუმის საკრებულოში უმრავლესობას ვერ ქმნის

297

ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვალების მიუხედავად უმრავლესობა ვერ შექმნა, – ასე გამოეხმაურა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ადგილობრივ საკრებულოში „გახარია-საქართველოს” პარტიის წევრი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად დააანონსა, რომ ბრძოლას შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით იწყებდა.

„რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც აკონტროლებს სუსს და პროკურატურას, მან პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ბრძოლას იწყებდა შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით, რათა „ქართულ ოცნებას” შეექმნა უმრავლესობა, თუმცა, ამ წვალების მიუხედავად მათ ეს ვერ მოახერხეს. მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს, სიძულვილის პარალელურად პოლიტიკაში შანტაჟი და მოსყიდვა უნდა დასრულდეს 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დამარცხდება „ქართული ოცნება“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.