ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, ხმაური და დაპირისპირება იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა ენმ-ის მხარდამჭერები პირადობების წართმევაში დაადანაშაულეს და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
“ღმერთო, თაბუკაშვილზე შემოუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერებს პირადობებს ართმევთო. ამ დროს მთელი დღე პირადობებს ართმევდნენ. თაზო ფაცაცია და გუგა ლაგვილავა ვინმე გიორგი ჯიქია ზონდერთან ერთად თავს დაგვესხნენ”, — წერს წითლიძე.
ამასთანავე, წითლიძის ინფორმაციით, ენმ-ის მხარდამჭერები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
“სამარცხვინოდ გაიტაცა ზუგდიდის პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერები ისე, რომ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. არც მე და არც ადვოკატს არ გვიშვებენ”, — აცხადებს წითლიძე.
შემთხვევის ადგილას მისული იყო გიორგი ჯიქია, რომელიც ენმ-ის ცნობით ის პიროვნებაა, ვინც მათი მხარდამჭერები პირადობების წართმევაში დაადანაშაულა. თუმცა, ჯიქიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებული ბრალდებები სიცრუეა.