„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალის მოსახლეობამ საუბნო გზების შეკეთება და წყლის მილების შეძენა მოითხოვა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ფარცხნალში მცხოვრები იზა ბუაჩიძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არაფერი გაკეთებულა.
„ბუნებრივი აირის მაგისტრალის გასაყვანად საუბნო გზები გადათხარეს და წვიმის დროს ტალახდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ამ უბნებში გზების მოხრეშვა უშედეგოდ მოვითხოვეთ. არც გაზი გვაქვს და გზებიც საშინელ დღეშია,“ – ამბობს იზა ბუაჩიძე.
ასევე ჯერ არ დაწყებულა სერბაისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი ჭაბურღილის გაკეთება.
ჭაბურღილების მოსაწყობად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ხელშეკრულება ი/მ „ელენა ლიტვინასთან“ გააფორმა, საერთო ღირებულებით – 69 017 ლარი. ჭაბურღილები უკვე მოწყობილია წყალაფორეთსა და ლახუნდარაში.
ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები ამჟამად ვარძიაში მიმდინარეობს. ხელშეკრულების მიხედვით, ეს პროექტი 30 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
„გვპირდებიან, რომ სერბაისში ჭაბურღილის მოწყობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ინდმეწარმე ვარძიაში ჭაბურღილის გაკეთებას დაასრულებს. ჩვენც ველოდებით“, – ამბობს ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ფერაძე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში სულ 148 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 900 443 ლარი იხარჯება.
ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, 148 პროექტიდან 130 პროექტის განხორციელება დასრულდა.
მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ მომენტისათვის მეწარმეებისთვის გადარიცხულია 747 368 ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის 83%-ია.
დარჩენილი 18 პროექტიდან ექვსზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია მზადდება.
ორი პროექტის (ისლარში ხიდის შეკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა) სამუშაოების შემოწმებისას ხარვეზები გამოვლინდა.
10 პროექტზე სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ესენია:
- გარე განათების მოწყობა ბორითში;
- გზის შეკეთება და სანიაღვრე არხების მოწყობა საქასრიაში;
- გზის მობეტონება უბისაში, სახვაძეების უბანი;
- გზის მონაკვეთის მობეტონება ამაშუკეთში;
- გზის მობეტონება ციხისძირში;
- ჭაბურღილის მოწყობა ვარძიაში;
- ჭაბურღილის მოწყობა ზედუბანში;
- სკვერის მოსაწყობად ატრაქციონის შესყიდვა დიდვაკეში;
- საცალფეხო ხიდ-ბოგირის მოწყობა ისლარში;
- წყლის ავზის მონტაჟი ისლარში.
დავით დევდარიანის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. თუმცა 8 პროექტი გაუქმდა, რადგან პროექტისთვის დაგეგმილი თანხა, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ნაკლები აღმოჩნდა.