ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის მჯერა, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ყველას მერი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა.
„მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით პირველი დიდი რაუნდი მოვიგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის. მთავარია მას უყვარდეს საქართველო, სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მომცეს, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. ხალხნო, გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ცილი დასწამეს, თითქოს ზუგდიდს სათანადოდ არ იცნობდა.