ზუგდიდში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

516

ზუგდიდში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.