ზუგდიდის საარჩევნო უბნების რამდენიმე თავმჯდომარე და წევრი შეიცვალა

213

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაცია “ლაივპრესს” ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება, რომ სხვადასხვა მიზეზით სურთ წასვლა. ჯანმრთელობის მდგომარება, მათ შორის ინფიცირება, იზოლაციაში ყოფნა, ოჯახური მდგომარეობა – ეს ის საბაბია, რაც განცხადებებშია მითითებული.

რამდენი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრი შეიცვალა, ოლქის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია მდივანთან დაგვეზუსტებინა. თავის მხრივ ამბობს, რომ საუბარია ერთეულ, და არა მასიურ შემთხვევებზე. შესაბამისად, ეტაპობრივად ტარდება სხდომები, სადაც მათ უფლებამოსილებას უწყვეტენ. შემდეგ ცხადდება კონკურსი, რომლის საფუძველზეც ახალ წევს ირჩევენ. თანამდებობრივად კი, ისევ უბნებში ჩატარდება კომისიის სხდომები, სადაც თავმჯდომარეს აირჩევენ.

ჩვენ დავუკავშირდით საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს გასარკვევად, თუ რამდენ თავმჯდომარეს და წევრს შეეხება საუბარი. ნანა შენგელიამ ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში დაგვირეკავდა, თუმცა არ შეგვხმიანებია და მოგვიანებით არც ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა.

მოესწრება თუ არა ხელახალი არჩევა 30 ოქტომბრისთვის, მირანდა მესხის თქმით, საქმეს ეტაპობრივად მიჰყვებიან. ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთეული შემთხვევებია, როცა პირმა წევრის სტატუსიც შეიწყვიტა და თანამდებობიდანაც გადადგა. ზოგან მხოლოდ თანამდებობა დატოვეს.

“ყველგან არ არის ასეთი შემთხვევები. ერთეული შემთხვევებია. ზოგან თითოეულ უბანზე ორი ვაკანსიაა, წევრი წავიდა ერთი, მეორე. ზოგან ხელმძღვანელი პირი წავიდა, თანამდებობიდან გადადგა. შეაბამისად, წევრობის სტატუსიც არ აქვს. გუშინაც გვქონდა სხდომა, გუშინწინ. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც საარჩევნო სუბიექტებს, რადგან საარჩევნო სუბიექტს პანდემიიდან გამომდინარე იმ დღესაც შეუძლია წევრის გაწვევა და ახლით ჩანაცვლება. ოლქიდან არჩეული წევრები ვინც არიან, კომისიური გადაწყვეტილებით ხდება მათი უფლებამოსილების შეწყვეტა. შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდება. ერთდღიანი ვადაა და ისევ აირჩევენ. სანამ მოვახერხებთ, გავაკეთებთ ამას და შევავსებთ ვაკანსიას. სადაც ვერ მოხერხდება, თუნდაც იმ დღესაც ხომ არავინ არ არის დაზღვეული, რომ ადამიანს ჰქონდეს ტემპერატურა, დაუდგინდეს ვირუსი, ის ჩაეხსნება პროცესს და ჩვენ ამ პერიოდში ვერ მოვახერხებთ უბნის კომისიის წევრების შევსებას”, – განმარტავს მირანდა მესხი.

თუ არჩევნების დღეს შეიწყვეტს უბნის თავმჯდომარე უფლებამოსილებას და გადადგება, მის ვალდებულებას მოადგილე შეასრულებს.

“ლაივპრესის” ინფორმაციით, რომ ინგირის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თბილისიდან ჩამოსული პირი აირჩიეს თავმჯდომარედ, მესხის თქმით, შეიძლება ადამიანის იურიდიული მისამართი იყოს სხვა ქალაქი, მაგრამ იყოს ზუგდიდის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. ამის მოკვლევა, აღნიშნავს, რომ მათ არ ევალებათ – ვაცხადებთ კონკურსს და კონკურსის წესით ვირჩევთ, – ამბობს ოლქის თავმჯდომარე.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ახალ მერს, ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას და “ოცნების” წარმომადგენელ მამუკა წოწერიას შორი აირჩევენ.