მერაბ ქვარაიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ გასაიდუმლოებული შტაბი მოქმედებს, რომელსაც აკაკი მინაშვილი ხელმძღვანელობს.
ქვარაიას თქმით, ამ შტაბიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჯგუფის მთავარი დავალება წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე დესტაბილიზაციის შეტანაა.
„პირველი ტურის დასრულების შემდეგ ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, განსაკუთრებით ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ისინი მხარდამჭერების, საარჩევნო კომისიების წევრების, საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენენ. ამ ჯგუფს დათა და ბაჩო ახალაიების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ქვარაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი არ დაუშვებს და კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც მუნიციპალიტეტის სტაბილურ და მშვიდ განვითარებას ხელს შეუშლის.