გენრი დოლიძე, გოჩა გუგუნავა, გიორგი ცინცქილაძე – იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის მერი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი გიორგი კირთაძე გახდება, ეს ადამაინები მისი მოადგილეების პოსტს დაიჭერენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
თუ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება გენრი დოლიძე აპირებს, რომ ურყევი პოზიცია შეინარჩუნოს. სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მუდმივად აპროტესტებს უსამართლობას, გვპირდება, რომ დაწინაურების შემთხვევაში ხედვები არ შეეცვლება. მისი თქმით, გიორგი კირთაძე მისთვის ღირსეული კანდიდატია, თუმცა, საკითხები, რაშიც განსხვავებული ხედვა ექნება, მჯელობითა და განხილვებით რაციონალურად გადაწყდება.
გოჩა გუგუნავა მერიაში მუშაობის შემთხვევაში პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარებას მიიჩნევს. უმთავრეს პრობლემად ქალაქში არსებული ამორტიზებული კორპუსები და სახლები მიაჩნია. ამბობს, რომ იმ გადაწყვეტილებებში ჩაერევა, რაშიც თავადაც კომპეტენტური იქნება.
კოალიციური მმართველობის პირობებში ვიცე-მერობის თანამდებობის დაჭერას გიორგი ცინცქილაძეც აპირებს. ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი მუშაობას ხალხისთვის საჭირო და მნიშნელოვანი პროექტების განხორციელებით გეგმავს. თუ კი კოლეგები, უკანონობაზე თვალს დახუჭავენ და უკვე დაშვებული შეცდომები განმეორდება, გვარწმუნებს, რომ ამას არ შეეგუება და შესაბამისი რეაგირება ექნება.
ყოველი არჩევნების წინ პარტიებისა თუ კანდიდატებისგან მომხიბვლავი დაპირებები ისმის. თუმცა, ამომრჩეველს ყოველ ჯერზე იმედები უცრუვდება. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ კოალიციური თვითმმართველობა ჩამოყალიბდება, საინტერესოა, განხორციელდება თუ არა ეს კომენტარები და დაპირებები, თუ როგორც სხვა დანარჩენები, წარსულს ჩაბარდება.