თიანეთის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, ახალი სკოლა აშენდება

419

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმაში, ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ადგილზე, მომავალი სასწავლო წლისთვის, ახალი სკოლა აშენდება, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნოზაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიიღო.

„22 ოქტომბერს, გვიან ღამით სოფელ ბოჭორმაში მდებარე ხის ორსართულიან საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ, თუმცა ცეცხლის დროული ლიკვიდირება ვერ მოხერხდა და შენობა მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

მომხდარი ფაქტის გამო, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდა. შედეგად, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, სადაც ბავშვები განათლებას კვლავაც კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ამ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულიყო, სოფელში უკვე მოეწყო შესაბამისი დროებითი სივრცე, სადაც ბოჭორმის სკოლის მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ბოჭორმაში, შემთხვევის ადგილის მოსანახულებლად, მხარის პირველ პირთან ერთად, ასევე, მისი მოადგილე გოჩა ქავთარაძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი იმყოფებოდნენ.