ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ კოალიციური მთავრობის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხერხდეს, რომ მერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ მართავდეს.
„ქუთაისში უნდა იყოს პირველი არჩეული შერიფი. ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ სუს-ის წარმომადგენლები არ მართავდნენ მერიას, არამედ იყოს მერია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად მუშაობს და ყველასთვის ერთნაირია – თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ქუთაისელებო, იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს და თქვენი შვილების სამსახურში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამის გამოსვლამდე ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.