დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერეს.
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
„შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მოწყობილი რამდენიმე სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილები პროდუქტის რეალიზაციას თავადვე ეწევიან, რაც ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.