მარნეულში არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

383

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეადგინეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძემ განაცხადა, რომ სამივე ოქმი კანონის შესაბამის ვადებში მიიღეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზ სამი სახის შემაჯამებელი ოქმი, პროპორციული, მაჟორიტარული და მერის არჩევნების, შედგა.

„როგორც იცით მერობის სამი კანდიდატი გვყავდა, N2, N5 და N41. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კენან ომაროვმა დააგროვა ხმების 68,12% და შესაბამისად მერად არჩეულია კენან ომაროვი. რაც შეეხება საკრებულოს, საკრებულოში სულ იქნება 33 დეპუტატი, აქედან 22 იქნება პროპორციული სიით, ხოლო 11 მაჟორიტარულით. თერთმეტივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო პროპორციული სიის მიხედვით საკრებულოს 6 წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, 16 კი „ქართული ოცნებიდან“ იქნებიან, სხვა პარტიებმა 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს“.

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მარნეულის მასშტაბით მხოლოდ ორი გადასატანი ყუთი გაბათილდა. 65-ე და 68-ე უბანზე კომისიამ გადასატანი ყუთები გააბათილა, რადგან მათი ყუთის მთლიანობა დარღვეული იყო.

„არჩევნებმა, მინდა გითხრათ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვან ესცესებს არ ჰქონია ადგილი. თუ რაიმე პრობლემა იყო ადგილზე გავდიოდით კომისიის წევრები და შესაბამისად შეძლებისდაგვარად აღმოფხვრილი იყო ადგილზე ეს პრობლემები“. – განაცხადა ანი ილურიძემ

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისაგან განსხვავებით, მარნეულში ჩატარებულ არჩევნებს უარყოფითად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების დღეს ყველაზე მეტი პრობლემა მარნეულის საარჩევნო ოლქში იყო.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა კენან ომაროვმა უფლებამოსილების შესრულება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა უნდა დაიწყოს. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები 16 ოქტომბერს შეადგინა, შესაბამისად ომაროვმა უფლებამოსილების შესრულება 27 ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება საკრებულოს, ახლადდაკომპლექტებული საკრებულო მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 დღეში შეუდგება.