„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
„აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.
პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. შედეგად, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.