ISFED: 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი რეკლამა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნდა, მას მოსდევს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“

201

21 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. 

ანგარიშში აღწერილია ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ფოკუსირებული კამპანიები 13 სექტემბრიდან არჩევნების დღის,  2 ოქტომბრის, ჩათვლით პერიოდში.

13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე 28 პოლიტიკური პარტიის ძირითადი და სხვადასხვა სტრუქტურული ორგანიზაციის გვერდი იყო აქტიური. ჯამში, 332 აქტიური გვერდი დაფიქსირდა, სადაც ერთი პოსტი მაინც გამოქვეყნდა.

შესწავლილ პერიოდში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა პარტიის „საქართველოსთვის“ ძირითადი ფეისბუქგვერდი. ინტერაქციის რაოდენობამ კი მაქსიმალურ დონეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ძირითად გვერდზე მიაღწია.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების ფეისბუქგვერდებს შორის, ყველაზე აქტიური იყო აჭარის რეგიონული და თბილისის რაიონების ორგანიზაციების გვერდები, რომლებიც აგრეთვე, მომხმარებელთა ინტერაქციით გამოირჩეოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციულ გვერდებს შორის, ყველაზე მეტი პოსტი სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის გვერდზე განთავსდა; ინტერაქციამ კი მაქსიმალურ რაოდენობას წალენჯიხის ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე მიაღწია.

საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე მუნიციპალიტეტების მერობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის 215 კანდიდატის გვერდი იყო აქტიური. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, ყველაზე აქტიური ანა დოლიძის გვერდი იყო. გვერდებზე მომხმარებელთა ინტერაქციით კი კახა კალაძის ოფიციალური გვერდი ლიდერობდა. მას ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას გვერდები მოჰყვებოდნენ.

საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 24 გვერდი აქტიურობდა, რომლებზეც 979 პოსტი გამოქვეყნდა. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ კი 30 გვერდი მოქმედებდა, რომლებზეც 499 პოსტი განთავსდა.  მიუხედავად პოსტების ნაკლები რაოდენობისა, ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვყენებული პოსტებისა. აღსანიშნავია, რომ მსგავი დაკვირვება შეინიშნებოდა გასულ საანგარიშო პერიოდებშიც.

საანგარიშო პერიოდში გავრცელებული ხელისუფლების მადისკრედიტირებელი გზავნილები შეეხებოდა, სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ ჩანაწერებს, ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასა და არჩევნების დღის ხარვეზებს. ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ანტიოპოზიციურ გვერდებზე, თვითმმართველობის არჩევნებამდე, თბილისის ქუჩებში გაკრული, სისხლის ფონზე გამოსახული ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ბანერის ფოტოებიც ვრცელდებოდა. შესწავლილთაგან 2 გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწეოდა.

არჩევნების დღეს ფეისბუქზე მადისკრედიტირებელი და დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა.  მმართველი გუნდის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიიის დისკრედიტაციას ისახავდა. გვერდებზე ზიარდებოდა ინფორმაცია უბნებზე გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშრებით და პრობლემური შემაჯამებელი ოქმების ფოტოები. გვერდი „informer“ „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებდა ბრალს. მასთან ერთად, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს („საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „საქართველოს ახალაგზარდა იურისტა ასოციაცია“) მიკერძოებულ და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად წარმოაჩენდა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 1 ცრუ მხარდაჭერის ტიპის გვერდი. ამგვარი გვერდები თავს იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად ასაღებენ, რომლის სახელითაც მოქმედებენ, თუმცა, რეალურად მისივე დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად.

საანგარიშო პერიოდში ცრუ მედიის 13 გვერდი აქტიურობდა. მათგან 8 გვერდი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა, 3 ოპოზიციის სასარგებლოდ, 2 კი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

საარჩევნო სუბიექტების ნაწილი აქტიური იყო ტიკტოკის, ინსტაგრამისა და ტელეგრამის პალტფორმებზეც. მათზე წარმოებული ოფიციალური კამპანია, ძირითადად, პოზიტიური სახით ხასიათდებოდა. ტიკტოკზე  აქტიური იყო 21 ანონიმური ანგარიში. მათგან ნაწილი ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდა, ნაწილი კი „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო ტიკტოკებს ათავსებდა. გამოიკვეთა მხარდამჭერი და ცრუ მედიის ტიპის ტიკტოკის ანგარიშებიც.

„სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც პლატფორმებზე 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განთავსდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი რეკლამა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნდა. რეკლამების რაოდენობით მას მოსდევს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“, თუმცა მათ მიერ  გამოქვეყნებული რეკლამების რიცხვი 4-ჯერ მაინც ჩამოუვარდება მმართველ პარტიის შესაბამის მაჩვენებელს.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი აშშ დოლარი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (დაახლ. 68 ათასი  აშშ დოლარი) და „ლელო“ (36 ათასამდე აშშ დოლარი) მოჰყვებიან.

ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი რეკლამა (188) ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა. 122 რეკლამა განთავსდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერ გვერდებზე, ჯამში 2 258 – 2 852 აშშ დოლარის ღირებულების. ცრუ მედიის გვერდებზე 95 პოსტი იყო დარეკლამებული, რაზეც 1 374 – 1 473 აშშ დოლარი დაიხარჯა. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერ და “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება ზემოაღნიშნულს. მათზე, შესაბამისად, სულ 14 და 5 რეკლამა განთავსდა, რომლებიც 3-300 და 660 – 759 აშშ დოლარის ღირებულების იყო.