ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე თბილისში ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას მხარს უჭერს.
როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, არამედ ქალაქის და ქვეყნის სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ერთპარტიული მმართველობის დასასრულებად და კოალიციური, ევროპული ტიპის ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად.
მისივე განმარტებით, ამ ნაბიჯით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ აჩვენეს, რომ უარს ამბობენ ერთპარტიულობაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ენმ რჩება ყველაზე დიდ და ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, მზად არიან, გზა გაუხსნან კოალიციურ მმართველობას.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ადეკვატურად შეაფასა ნიკა მელიას ინიციატივა და მონაწილე პარტიები წარმოდგენილი არიან მთავარი ლიდერებით, რაც ხაზს უსვამს „ჩრდილოვანი კაბინეტის“ სერიოზულობასა და მნიშვნელობას.
„ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენით ოპოზიციამ აჩვენა, რომ მას შეუძლია, შესთავაზოს მოსახლეობას ძალიან კვალიფიციური, ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და ამოიყვანს ქვეყანას უიმედობის, გაჭირვებისა და დაპირისპირების ჭაობიდან. ამავე დროს, ამ გუნდის წარდგენით იქმნება მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნებში გამარჯვების და ქვეყნის წინსვლის ფორმულა მომავალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დანიშვნაც ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მეორე ტურებში დამარცხების შემდეგ“, – განუცხადა ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.