პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, არჩევნების შედეგებამდე ჩრდილოვანი კაბინეტების დაანონსება სერიოზულად არ მიაჩნია.
„ყველა ჩემი კოლეგის მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ვიდრე არჩევნები არ არის მოგებული, ასეთი ტიპის ჩრდილოვანი კაბინეტების დაანონსება არ მიმაჩნია სერიოზულად. ესეთი რამ ერთხელ უკვე იყო, დაახლოებით ივნისში, მახსოვს, საუბარი იყო ჩრდილოვან კაბინეტზე. მაშინ უნდა დაწყებულიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომელსაც წინასწარ ვიცოდით, რომ ოპოზიცია ვერ მოიგებდა და ამ კონტექსტში ჩრდილოვანი კაბინეტის გამოცხადება არ მიმაჩნდა სერიოზულად. არც დღეს მიმაჩნია, თუ არ ჩავთვლით ზუგდიდის შემთხვევას, არ ვიცი, თუ ზუგდიდის მერიის ჩრდილოვან კაბინეტზე იქნება საუბარი, იქ შეიძლება, ჰქონდეს აზრი ამ ყველაფრის განხილვას, მაგრამ თბილისის შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, პარტია „მოქალაქეებთან“ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.
„ალბათ, იმიტომ, რომ წინასწარ იციან ჩვენი განწყობა. ამომრჩევლებში ასეთი ტიპის სამომავლო იმედების გაცრუებისთვის, მე ასე ვუწოდებ ამას, ჩვენ მონაწილეობას არ ვღებულობთ. ყველას ვურჩევდი, რომ ჯერ შედეგი აჩვენოს და ამის შემდეგ დაიწყოს ნებისმიერი კაბინეტის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციები. სერიოზულად არ მიმაჩნია დღეს თბილისის მთავრობის თანამდებობების განაწილება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის კანდიდატი მნიშვნელოვნად ჩამორჩება შედეგებით ხელისუფლების კანდიდატს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.