პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით საუბარი მათთვის საინტერესო არ არის. ბუჩუკურის თქმით, ჩრდილოვანი კაბინეტის შინაარსი არ ესმის და რომც ახსნან, არავისთან ალიანსს არ აპირებენ.
„მე პირადად, ჩრდილოვანი კაბინეტის შინაარსი არ მესმის, არ ვიცი, შეიძლება, ახსნან კიდეც მომავალში. მეორე ის, რომ არჩევნები არ დასრულებულა და მეორე ტურები წინ გვაქვს. მაგალითად, ჩვენი ერთი კანდიდატი ცაგერში იბრძვის და თერთმეტი კანდიდატი იბრძვის მაჟორიტარობისთვის. მესამე – ჩვენ განვაცხადეთ და გავიმეორებ, რომ არავისთან ალიანსს და სისტემურ კოალიციას არ ვაპირებთ, შესაბამისად, ჩვენთვის ეს ნამდვილად საინტერესო არ არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით შემოთავაზება არ მიუღიათ.
„შემოთავაზება არ ყოფილა, პირიქით, თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, არჩევნების შედეგების გასაჯაროებიდან მალევე, ჩვენმა გუნდმა გავაკეთეთ შეთავაზება ე.წ. ღია, სამმხრივი მოლაპარაკებების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც თანაბრად არის გაყოფილი „ნაცების“ და „ოცნების“ კვოტა და ხმა, ჩვენ გვაქვს ეგრედ წოდებული ოქროს გასაღები, ანუ გადამწყვეტი ხმები გვიჭირავს ჩვენ. გავაკეთეთ ასეთ შემთხვევებზე შეთავაზება, რომ ღია მოლაპარაკებები გამართულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ თავიანთი ამბიციები დაეყენებინათ საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებაზე უკან და ოფიციალური პასუხი ამაზე არ მიგვიღია. ჩვენი გუნდი მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ძალაუფლების დაბალანსების პრინციპით.
შინაარსი არ მესმის, ვგულისხმობ იმას, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი რას ნიშნავს, ვერ გავიგე, როგორ უნდა იფუნქციონიროს ესეც არ მესმის, მაგრამ რომც ახსნან, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.