გურჯაანის სოფლების, ჯიმითისა და ნანიანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

255

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჯიმითისა და ნანიანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობს. ცვალებადია წყლის დებიტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა რამდენიმე ჭაბურღილი, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და წყალმომარაგების ახალი ქსელი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 2 000-ზე მეტი მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.