ენმ: ენგურჰესის დირექტორი ოკუპანტებთან საარჩევნოდ ხიდის ჩაკეტვაზე მუშაობს

405

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, “ენგურჰესის” გენერალური დირექტორი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია, ჩართულები არიან დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესში. პარლამენტარმა ანა წითლიძემ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიზანი ის არის, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვერ შეძლონ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა. საგანგაშო, წითლიძის მტკიცებით ამ ყველაფერში არის შემდეგი – ეს ადამიანები მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ არჩევნების დღეს ენგურის ხიდი ჩაიკეტოს და აფხაზეთის მცხოვრებლებმა ვერ შეძლონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, დევნილები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომაც არ სურთ მათი მეორე ტურში მონაწილეობა.

“ლევან მებონია და ჯონი ჭანია არიან “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც ამ არჩევნებში, როგორც კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები, როგორც კანდიდატები, ისე იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ეს ადამიანები წარმოადგენენ მხარეს, რომლებიც ახლა სჩადიან დანაშაულს ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, თითოეული ჩამორთმეულ პირადობებზე, მოლაპარაკებებზე ოკუპანტებთან, აქვთ მტკიცებულებები და მათ აუცილებლდ გადასცემენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დამკვირვებლებს. წითლიძემ მოუწოდა ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ თემით. მისი მტკიცებით, ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმეები, რომლებიც კონფიდენციალურად საუბრობენ ლევან მებონიას და ჯონი ჭანიას ჩართულობაზე როგორც დევნილებისთვის პირადობის ჩამორთმევის, ისე ოკუპანტებთან მოლაპარკებების პროცესში.