კიდევ ერთი საძირკველგამოთხრილი კორპუსი ბათუმში

297

სახიფათო კორპუსების ბუმი ბათუმში და გამოაშკარავებული სამშენებლო დარღვევები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფაქტია, რომ სანამ ქალაქში ტრაგედია არ დატრიალდა, მსგავს საკითხებზე საზოგადოება ხმამაღლა არ საუბრობდა. 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შემდეგ,  უკანონოდ თუ დაკანონებული უკანონობით მიშენებული, დაშენებული და საყრდენ გამოცლილი სახლების ემთხვევების გამოაშკარავება აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი, სიცოცხლისთვის საშიში, შენობა ტბელ აბუსერიძის 4 ნომერში მდებარე 9 სართულიანი კორპუსია. პირველ სართულზე სამშენებლო საქმიანობა ყოველგვარი წესების დარღვევით მიმდინარეობს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი ბინები ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ  ხელისუფლება მსგავს სარემნტო სამუშაოებს აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, რათა იგივე სურათი არ განმეორდეს, რაც რამდენიმე დღის წინ ზღვისპირა ქალაქში ვნახეთ.

9 სართულიან კორპუსს, სადაც 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, სარემონტო სამუშაოების შედეგად საძირკველი ნელ-ნელა ეცლება. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ამის პარალელურად შენობას კიდევ მე-10 სართულს ადგამენ. მიუხედავად იმ მძიმე მაგალითისა, რაც ქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა, მსგავსი დარღვევები კვლავ ბათუმის მერიის ყურადღების მიღმა რჩება.

საინტერესოა იცოდა თუ არა თვითმმართველობამ კორპუსში არსებული მდგომარეობის შესახებ, მაშინ როცა, შენობას წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის რეკლამირებისთვის იყენებდნენ. ჩვენ გვესმის, სიმაღლიდან ცოტა რთულია დაინახო რა ხდება ქვევით ან იფიქრო იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა. ადგილზე ამ დრომდე არცერთი მაკონტროლირებელი ორგანო არ მისულა.

რასაკვირველია ჩვენი გადამღები ჯგუფი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურს დაუკავშირდა. დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ქალაქში რამდენიმე დღის წინ დატრიალებული უბედურების მიუხედავად, უწყება ბათუმელების წინაშე აღებულ მოვალეობასთან დაკვშირებულ კითხვებს კვლავ გაურბის. სატელევიზიო კომენტარისთვის თავი არ შეიწუხეს და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით განგვიმარტეს, რომ უწყებას სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია.

„TV 25“ – ში ყოველდღიურად შემოსული ზარების რაოდენობაც მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში არსებული შენობების ნახევარი დიდი რისკის ქვეშ დგას. ხელისუფლების უყურადღებობა თუ მოქალაქეების დაუდევრობის შედეგად არსებული უკანონო მიშენებები დაგვიანებული რეაგირების შედეგად, შესაძლოა, კვლავ ძვირად დაგვიჯდეს.