თანამდებობიდან გაპარული ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის მომავალ მერს ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების გეგმას სთავაზობს

337

“ავარიული სახლების პროგრამა” – ამ თემასთან დაკავშირებით ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ქალაქის მომავალ მერსა და საკრებულოს მიმართავს. კომახიძემ განცხადება “ფეისბუქში” გააავრცელა.

Facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რვა ოქტომბრის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. გლოვობს საქართველო. უპრეცედენტო შემთხვევამ რომელსაც ცხრა ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა როგორც საზოგადოებას ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს მეტი ყურადღება დაუთმონ ამ სფეროში არსებულ პრობლემებს. ერთი მხრივ მომხდარით შეშინებული საზოგადოება სამართლიანად სვამს კითხვებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებაზე და მოითხოვს სახელმწიფოსგან კონკრეტულ ქმედებას, მეორე მხვრივ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო აანონსებს უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას თვითმართველობების სამშენებლო საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების და გაფართოების მიმართულებით.

როგორც ადამიანი, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი დაკავებული მოცემული საკითხებით, რომლის ცოდნაც ამ მიმართულებით ეყრდნობა არა მარტო თეორიებსა და ემოციებს, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას, თავს ვალდებულად ვთვლი გაგიზიაროთ საკუთარი ხედვა და უფრო მეტიც, მოგაწოდოთ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული საშუალებები რომელთა საფუძველი უკვე დიდწილად მომზადებულია ჩემი და ჩემი ყოფილი კოლეგების მიერ ზემოთ ხსენებულ პერიოდში. ამ პოსტის მომზადებას ასევე საფუძვლად დაედო ადგილობრივი ტელევიზიების მიერ ბოლო დღეებში მომზადებული მცირე სიუჟეტების უფრო დეტალური გაშლის სურვილი მოქალაქეების და ახალი თვითმართველობის უკეთ ინფორმირებისთვის.

აქვე დავსძენ, რომ შარშან ივლისში მოვლენების ცნობილი განვითარებიდან გამომდინარე, ჩემს მიერ ვერ მოესწრო ავარიული სახლების პროგრამის დაწყება…

საკითხი მოცულობითია და აქედან გამომდინარე მოგაწოდებთ მას ორ ნაწილად.

ა) ავარიული სახლების მდგომარეობა ქალაქ ბათუმში; დღემდე ჩატარებული სამუშაო ამ მიმართულებით; არსებული შედეგები და შემდგომი მოქმედების გეგმა;

ბ) სამშენებლო ზედამხედველობის სუსტი მხარეები, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას როგორც საკანონმდებლო ასევე ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით;

მაშ ასე, ნაწილი პირველი: ავარიული სახლების მდგომარეობა ქალაქ ბათუმში; დღემდე ჩატარებული სამუშაო ამ მიმართულებით; არსებული შედეგები და შემდგომი მოქმედების გეგმა;

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ აუცილებელი ინფორმაცია, მაქსიმალურად შემჭიდროვებული სახით იმ ძალიან მნიშვნელოვან და მოცულობით სამუშაოზე რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა 2019 წელსა და 2020 წლის პირველ ნახევარში.

2018 წლის ბოლოს, მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრებიდან წამოსული მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე, დავინტერესებულიყავით ცალკეული საცხოვრებელი სახლების სავალალო მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის თოთხმეტივე სერვის ცენტრს დაევალა წარმოედგინა დეტალური, ფოტო მასალით დასაბუთებული ინფორმაცია საკუთარ ადმინისტრაციულ ნაწილში არსებული იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესახებ რომლებიც არ აკმაყოფილებდა უსაფრთხო საცხოვრებელის მახასიათებლებს ნებისმიერი ნიშნით (ძირითადი კონსტრუქციული, მიშენებების თუ სხვა). 2019 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იქნა საკამოდ მოცულობითი, ძალიან დეტალური აღწერილობის მასალა დაახლოებით 100 მდე საცხოვრებელი სახლზე.

ეს იყო პირველი შემთხვევა ასეთი ტიპის ინფორმაციის მოგროვებისა და სისტემატიზაციის კუთხით და სიმართლე გითხრათ მიღებულმა შედეგმა ძალიან შეგვაშინა. შეგვაშინა პრობლემის მასშტაბმა რომლის დაძლევა რაოდენობასთან ერთად მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. გადაწყვეტილება ამ საცხოვრებელი სახლების შემდგომი, ექსპერტული შესწავლის თაობაზე მიღებული იქნა დაუყოვნებლივ. სწორედ 2019 წლის იანვარ თებერვალში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, პრობლემური საცხოვრებელი მისამართები გადაგზავნილი იქნა სამხარაულის საექსპერტო ბიუროზე კვალიფიციური დასკვნის მიღების მიზნით. მკითხველმა უნდა გაიგოს, რომ ეს აუცილებელი პროცედურაა, ვინაიდან შესაბამისი ინსტიტუტის მიერ დადასტურებული დასკვნის გარეშე მუნიციპალიტეტი შეზღუდულია ნებისმიერი ტიპის მოქმედებისგან.

შესწავლის ობიექტები იყო ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მეტი სართულის მქონე მრავალბინიანი სახლები ცხრასართულიანი სახლების ჩათვლით. ჯამში დასკვნა მიღებული იქნა 66 მრავალბინიანი სახლის ირგვლივ. დამატებით რამოდენიმე სახლს უკვე გააჩნდა ამხანაგობების მიერ შეკვეთილი ექსპერტიზის დასკვნები. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ექსპერტიზის მუშაობას 2019 წელი სრულად დასჭირდა. ამ პერიოდში მონაცემები სამხარაულიდან მოდიოდია ნაწილ ნაწილ ცალკეული სახლების შესახებ.

ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, შესწავლის ობიექტები დაიყო შემდეგ ჯგუფებად: ა) სახლები რომელთა ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო და შესაბამისად წარმოადგენდა საფრთხეს მობინადრეთათვის; ბ) სახლები რომელთაც ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი ჰქონდათ საღი, მაგრამ საფრთხეს წარმოადგენდა მათზე არსებული მიშენება-დაშენებები; და გ) სახლები რომლებიც ამორტიზირებული იყო, მაგრამ მათი ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი ისევე როგორც არსებული მიშენება-დაშენებები არ წარმოადგენდა საფრთხეს მიმდინარე ეტაპზე. ასევე, სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ეთხოვა კვალიფიციური დასკვნა პრობლემური სახლების ან რეაბილიტაცია/გამაგრების მიზანშეწონილობის ან დემონტაჟის აუცილებლობის თაობაზე.

არსებული ვითარების, ასევე მისი დაძლევის შესაძლო გზებზე პირველივე დღეებიდან საქმის კურსში იყო შეყვანილი რეგიონული ხელისუფლება. პარტიის უმაღლეს რგოლთან სამუშაო შეხვედრაზე, ქ. თბილისში, რომელიც რეგიონის, კონკრეტულად კი ქალაქ ბათუმის და ქალაქ ქობულეთის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს ეხებოდა და რომელსაც ორივე თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები, ასევე აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, ავარიული სახლების თემა წარმოდგენილი იქნა პირადად ჩემს მიერ სრული სურათით. აქვე ჩემს მიერ გაჟღერდა გადაწყვეტილება მუნიციპალური პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებდა.

2020 წლის პირველ ნახევარში, სამხარაულიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული იქნა კონკრეტული სამოქმედო პროგრამა და საინფორმაციო საპრეზენტაციო მასალის სახით სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო ქალაქ ბათუმის საკრებულოს.

დეტალებში ჩაღრმავების გარეშე გეტყვით, რომ პროგრამის შინაარსი ითვალისწინებდა 10 წლიან სამოქმედო გეგმას, 80 მილიონი ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფდა 1200 მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ღირსეული, ახალი საცხოვრებელი ფართებით რა დროსაც გამოყენებული იქნებოდა როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდი ასევე თანამშრომლობა კერძო სამშენებლო სექტორთან. ცენტრალური ხელისუფლებიდან მიზნობრივი ტრანსფერის შემთხვევაში კი შესაძლებელი გახდებოდა როგორც 10 წლიანი ვადის შემჭიდროვება, ასევე დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობის გაზრდაც.

ავარიული სახლების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, 2020 წლის ივლისში, საკრებულოს ბრძანების პროექტისა და შესაბამისი დანართების დონეზეც კი იქნა მომზადებული. გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა 10 სახლი რომელიც პირველ რიგში დაექვემდებარებოდა პროგრამას…

კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ ცალკეული ოჯახები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც. შემცირებული და შეზღუდული ფინანსური რესურსების ფონზე რთულია ასეთ მასშტაბურ პრობლემასთან დღეს შეჭიდება. მხოლოდ 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტის შესრულება 30 მილიონი ლარით ნაკლები იყო 2019 წლის ფაქტიურ შესრულებასთან შედარებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავარიული სახლების პრობლემა არ არის უნიკალური ბათუმისთვის, არამედ საქართველოს ყველა ქალაქისთვის ერთნაირად აქტუალური და მტკივნეულია. მასშტაბით კი ყველაზე მეტად ალბათ დედაქალაქისთვის.

დღეს, ეს პოსტი პირველ რიგში არის მიმართვა ბათუმის მომავალი მერისა და საკრებულოს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პროპორციული შედეგებიდან გამომდინარე ჩვენს ქალაქში საკრებულო რომელიმე პოლიტიკური პარტიის უპირობო უმრავლესობით წარმოდგენილი არ არის, დარწმუნებული ვარ ბათუმელებზე ზრუნვა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა თითოეული თქვენგანისთვის ნომერ პირველი საზრუნავი იქნება.

ისევე როგორც ეს იყო და რჩება ჩემთვის და რამაც განაპირობა 2018 წლის ბოლოდან 2020 წლის პირველ ნახევრამდე ძალიან მნიშვნელოვანი, მოცულობითი სამუშაოს ჩატარება ერთ-ერთი ყველაზე რთულ და დროსთან ერთად მზარდ პრობლემასთან შესაბრძოლებლად!

კოლეგებო, სამუშაოს აბსოლიტური ნაწილი დასრულებულია და დეტალებში გააზრებულიც. საჭიროა ნება და ფინანსური რესურსი მისი განხორციელებისთვის, ასევე გაბედულება პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის. გისურვებთ წარმატებას!” – წერს ლაშა კომახიძე.