ქუთაისის მერია კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ თანხას, ბათუმში 8 ოქტომბერს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებალდ გადარიცხავს.
“ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს. თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიაში ამბობენ, რომ კულტურული ღონისძიებებიდან დაზოგილი თანხა 35 000 ლარს შეადგენს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.