გათავისუფლება ხმების სანაცვლოდ – ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმა ციხე ვადაზე ადრე დატოვა

397

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ვახტანგ კაპანაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ციხიდან სპეციალური სამაჯურით გამოუშვეს და მომავალი წლის თებერვლამდე შინა პატიმრობაში იქნება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციაში მომხდარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, დავით მჟავანაძის თქმით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები პატიმრების ოჯახებს ხმების სანაცვლოდ დაკავებულების ციხიდან გამოშვებას ჯერ კიდევ პირველი ტურის ჩატარებამდე პირდებოდნენ.

“საკრებულოს თავმჯდომარეს ჯერ კიდევ პირველი ტურის ჩატარებამდე შეპირდნენ ხმების და კარგი მუშაობის სანაცვლოდ შვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ შედეგმაც არ დააყოვნა. როგორც კი დასრულდა არჩევნები, ეს ადამიანი, რომელიც პროკურატურამ ცნო დამნაშავედ, გამოუშვეს ე.წ. სამაჯურით. ეს არის ქართული ოცნების სახე და მათი მმართველობა”, – თქვა დავით მჟავანაძემ.

ყაჩაღობა ბათუმში გასულ წელს მოხდა. კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული ჩანს, რომ თავდამსხმელმა ჯიხურის მეპატრონეს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს.

ვახტანგ კაპანაძისთვის წარდგენილი ბრალდება 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.