“ქართული ოცნება”: 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას ვწყვეტთ

686

“ქართული ოცნების” განცხადებით, ბათუმში ნგრევის გამო 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას შეწყვეტს.

“ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

დღეს თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქართული ოცნება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.

არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის”, – წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

მანამდე საარჩევნო კამპანიის დროებით შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ. მისი თქმით, “ახლა პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის”.

თავად ენმ-მა 9 ოქტომბერს ზუგდიდში აქცია გამართა. აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, ქალაქის ცენტრში გაიმართა. ნიკა მელიას თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას ხმები “ქურდულად წაართვეს”. ენმ-ის აქცია  მდუმარედ ჩატარდა.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. ბრალის ზუსტი ფორმულირება ასეთია – სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმელების ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა.

რეესტრმა 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა საჯარო რეესტრმაც და თქვა, ზაურ  ბუდაგოვის განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

“საჯარო რეესტრის ცნობით, მათ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.

განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა”, – აცხადებს უწყება.