ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნგრევის და დატრიალებული ტრაგედიის გამო საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებს.
კირთაძე ბათუმის მერობისთვის ბრძოლას ქართული ოცნების კანდიდატის წინააღმდეგ მეორე ტურში აგრძელებს. მან ფეისბუქზე დაწერა:
“ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.
ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან”, – დაწერა კირთაძემ.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. ბრალის ზუსტი ფორმულირება ასეთია – სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.