მამუკა წოწერია: არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს გარანტირებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

408

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს გარანტირებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

„ჩვენ ვეცდებით, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიამ მშვიდად ჩაიაროს, თუმცა დღევანდელი დღეც და ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეთავაზებული საარჩევნო კამპანიაც აგრესიული, ცილისმწამებლური და მუქარაზე აგებულია. განსხვავებას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე ელექტორატი, რომელთა ხმაც სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდა, მათი აკუმულირება მოხდება და ისინი ორ ალტერნატას – განვითარებასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის სწორ არჩევანს გააკეთებენ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცრუ ბრალდებებსა და სიყალბეში გაწაფულ პოლიტიკურ პარტიას არ გადასცემენ მართვის სადავეებს. მეორე ტური „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამასთან, წოწერიას თქმით, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ გაღიზიანება ხმების გადათვლის შედეგებმა გამოიწვია.

“რაც შეეხება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ „ნაცმოძრაობის“ რეალური ძალადობრივი სახე. ისინი დღეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ საარჩევნო კომისიის წევრებზე. მათი გაღიზიანება ხმების დათვლის შედეგებმა გამოიწვია, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი და ჩვენი კანდიდატი ამ მაჟორიტარულ ოლქში თავიდანვე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა უპირატესობა კონკურენტებზე და ამიტომ შევიტანეთ საჩივარი. მინდა აღვნიშნო, რომ ხმის გადათვლა ჩატარდა ​კანონმდებლობით გათვალისწინებული ​პროცედურების სრული დაცვით. კომისიის სხდომას ესწრებოდა 16-ვე წევრი, მათ შორის 13-მა დაუჭირა მხარი ხმის გადათვლის გადაწყვეტილებას, საიდანაც 3 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი იყო. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“ მიერ წამოწყებული ინსინუაციები წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სხვათა შორის, ხმების გადათვლის შედეგების გაცნობამდე არცერთს არ ჰქონია პრეტენზია. მათი პროტესტი გამოიწვია მხოლოდ ხმების გადათვლის შედეგებმა. კერძოდ, ხმების გადათვლის შედეგად, ჩვენმა კანდიდატმა პირველივე ტურში გაიფორმა რეალური გამარჯვება, რომელსაც თავიდანვე აფიქსირებდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აინტერესებს ამომრჩევლების ნება და მათთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.