ჩვენ ახლა გაგახსენებთ, წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდნენ. პირველი ალბათ, რაც გაგახსენდებათ, რივიერას პროექტია. ან კიდევ, პლაჟის გასხვისება და სასტუმრო ამბასადორის მშენებლობის საკითხი. არა ერთხელ გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად, ბულვარის ისტორიულ ნაწილში, დღეს უკვე 16 სართულიანი ნაგებობა დგას. ხსენებულ ორივე პროექტს ხელისუფლების ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ და პროტესტის ნიშნად, სხდომებს დემონსტრაციულადაც ტოვებდნენ.
ახლა კი, არჩევნების შემდგომი ვითარება ასეთია – ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში, უმრავლესობას ოპოზიცია აკომპლექტებს. რატომაა ოპოზიციური უმრავლესობა მნიშვნელოვანი თვითმმართველობის მაკონტროლებელ ორგანოში? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ამ ფორმით, ბათუმის საკრებულოს უმცირესობაში მყოფი ოპოზიცია პროექტ რივიერას ეწინააღმდეგება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ღიად ამტკიცებს, რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას წარმომადგენლობითი ორგანო მონურად ასრულებს. ამ მყველაფრის უკან კი ოლიგარქს მოიაზრებენ. ნავსადგურის ტერიტორიაზე საფრთხის შემცველი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 4 საცხოვრებელ სახლსა და 2 სასტუმროს აერთიანებს, ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა. „სილ ქროუდ ჯგუფის“ 350 მილიონიან ინვესტიციას მოწინააღმდეგეები რეგიონის მასშტაბით მალევე გამოუჩნდა.
იყო არაერთი საჯარო განხილვა წინააღმდეგობების ფონზე. თითქმის ყველა, ვისაც ბათუმის ბედი აღელვებდა, ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ მიდიოდა. „არა რივიერას“, „რივიერა გადარჩება“, „ჩვენ მას არ დავთმობთ“- საპროტექტო აქციების ტალღა ბათუმში რამდენიმე წლის განმავლობაში არ ცხრებოდა. საქმემ სასამართლომდეც მიაღწია.
წინააღმდეგობების მიუხედავად, ხალხი არავინ გაითვალისწინა. ყურადღება არც ოპოზიციას მიაქციეს, რომელიც თავისი რაოდენობრივი შემადგენლობით პროექტის დამტკიცებას წინ ვერ აღუდგა. მოკლედ და ლაკონურად, მთავრობის თავმჯდომარის საყვარელი ფრთიანი ფრაზით რომ გითხრათ, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა. პროექტის გასაჯაროების პირველივე დღიდან ცათამბჯენების ერთგულმა ხელისუფლებამ იმდენს მიაღწია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: „რივიერას“ მშენებლობა არ შეჩერდება“.
რა ბედი ეწეოდა გახმაურებულ პროექტს ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიცია რომ ყოფილი? მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა.
ეს დიალოგი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სკანდალის ნაწილია. გასული წლის მაისში, ქალაქის არჩეულმა მერმა, საკრებულოს თავმჯდომარეს, შეტყობინება სხდომის დაწყებისთანავე გაუგზავნა. ფაქტის ამსახველი კადრი TV25-მა ექსკლუზიურად გადაიღო. ერთპიროვნული გადაწყვეტილების და დაკვეთის შესრულებას დიდი ალბათობით, კომახიძე თებიძეს ვერ მოსთხოვდა, საკრებულოს შემადგენლობაში ოპოზიცია უმრავლესობაში რომ ყოფილიყო. უმცირესობაში დარჩენილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაშინ, საზოგადოების დაკვეთის უგულებელყოფას ბულვარის კონსერვაციის თაობაზე, თავზეხელაღებულ გადაწყვეტილებას უწოდებდა და ადგილობრივ ხელისუფლებას დღის წესრუგიდან დაუყონებლივ ამოღებას სთხოვდა.
ოპოზიცია ამაოდ ითხოვდა. ამაოდ ითხოვდა მესამე სექტორიც და სამოქალაქო აქტივისტებიც. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ ათასობით ხელმოწერები გროვდებოდა, თუმცა ამბასადორი პროტესტის ფონზე დღესაც შენდება.
აქაც რივიერას სცენარი განმეორდა: ამბასდორის მშენებლობამ ბოლოს სასამართლომდე მიაღწია. შედეგი იგივე დადგა. ოპოზიციის, მესამე სექტორისა და აქტივისტების მოთხოვნები სახელმწიფომ უგულებელყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვამ ვერც მართლმასჯულება დააინტერესა. სასამართლომ ამბასადორის მშენებლობა არ შეაჩერა.
რა ბედი ელის გახმაურებულ პროექტებს მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირობებში? ეს რთულად სათქმელია, თუმცა თუკი იმით ვისმჯელებთ, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს 35 წევრიდან 19 ოპოზიციურად განწყობილია, სასწორზე ბათუმელების ინტერესებმა, წესით ხელისუფლების სურვილები უნდა გადაწონოს.