ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში სკოლა გაიხსნა

138

6 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა. სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ საუკუნოვანი სკოლის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სკოლის ისტორიაში დაუვიწყარი იქნება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

მისი თქმით, სკოლა, რომელიც გამორჩეულია კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა წარმატებებით, რეაბილიტაციას და გამართულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ნამდვილად საჭიროებდა.

„გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან დღეს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელია. მათგან ერთ-ერთი – გოჩა ლომიძე საქართველოს სტუდენტთა ათეულში შევიდა, გამოცდებზე მიღებული შედეგებითა და ასპროცენტიანი გრანტის მოპოვების გამო.

გასული სასწავლო წელი სამმა კურსდამთავრებულმა ოქროს, ხოლო ორმა – ვერცხლის მედალზე დაამთავრა. ვერტყვიჭალის სკოლის მასწავლებლებიდან 4 წამყვანია, 21 – უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე. ამ შენობის რეაბილიტაციამ მოტივაცია აგვიმაღლა, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ლენა აბაშიძემ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ სკოლის რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე ყველა უწყება და პიროვნება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმას აკეთებდნენ, რაც ევალებოდათ.

იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ სწავლის სასკოლო გარემოში დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამოწვეული არასტაბილურობის დასასრულებლად, აუცილებელია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა ავიცრათ.

პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟნაძის თქმით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს განათლებას და ხელისუფლებამ მუშაობის გაძლიერებით ყველა პრობლემა უნდა აღმოფხვრას.

ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, სკოლის კოლექტივის სიხარულის გაზიარებისთვის.

სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებაზე ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

ვერტყვიჭალის სკოლის გახნის ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ლინკზე