პარტია „დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა სერიოზული დარღვევებით ჩაიარა და, შესაბამისად, პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს 200-ზე მეტი საჩივრით მიმართა. „დროა“ თბილისში 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგებს ასაჩივრებს და უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს.
„საქმე ეხება ბიულეტენების მეტობას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთებში. ასეთი სახის უბნები, სადაც ბიულეტენების მეტობა ფიქსირდება ანუ ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების რაოდენობა მეტია, ვიდრე ხელმოწერათა რაოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირდაპირ უნდა გაუქმდეს.
მეორე, თბილისში 760-ზე მეტი უბნიდან 270-ზე მეტში ფიქსირდება ბიულეტენების ნაკლებობა, რაც პირდაპირ მიუთითებს კონკრეტული ტიპის კარუსელების ამოქმედებაზე თბილისის უბნების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში.
ჩვენ, ბუნებრივია, ასეთი ტიპის უბნებსაც ვასაჩივრებთ. ასევე საქმე გვაქვს უამრავ პროცედურულ დარღვევასთან, რომლებიც, ერთი შეხედვით, პრიმიტიულად გამოიყურება, მაგრამ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო შედეგზე. მაგალითად, შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერებისა და ბეჭდების არარსებობა, გამოტოვებული გრაფები, მექანიკურად გადასწორებული შედეგები, ყოველგვარი შესწორების ოქმების გარეშე“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ „დილის საუბრებში“.
მისივე თქმით, „ელენე ხოშტარია-დროას“ თითო საარჩევნო უბანზე 2 ხმა დააკლეს.
„ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ბარიერის გადალახვისთვის აკლია 0,3%, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ის, „ელენე ხოშტარია – დროა“ შევა თუ არა თბილისის საკრებულოში. ეს რადიკალურად ცვლის თბილისის საკრებულოში ძალთა ბალანსს“, – აღნიშნა გიგა ლემონჯავამ „დილის საუბრებში“, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ ეს იყო არა არჩევნები, არამედ რაღაც სახის შეჯიბრება პარტიებს შორის წესების გარეშე და მას არაფერი ჰქონია საერთო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვასთან.
გიგა ლემონჯავამ აღნიშნა ისიც, რომ პარტია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საოლქო კომისიებში მათ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვას საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრონ:
„საოლქო კომისიებში 2 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს განხილვა. ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პოზიციებს და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ხმები გადაითვალოს. ჩვენ სხვათა შორის მივმართეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მათ შორის ეუთო/ოდირს წერილით, რომ დაესწრონ როგორც საჩივრების განხილვების, ასევე გადათვლის პროცესს იმიტომ, რომ ამ პროცესში საერთაშორისო მონიტორინგი შეიძლება გამოდგეს გადამწყვეტი მნიშვნელობისა“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ „დილის საუბრებში“.