ზუგდიდში, კომისიის წევრის მხრიდან კანონდარღვევით ხმის მიცემის მცდელობაზე “ნაცმოძრაობის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა 

749

“ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი ზუგდიდის საოლქომ არ დააკმაყოფილა. ის შეეხებოდა #8-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ნანა სიჭინავას მხრიდან კანონდარღვევით ხმის მიცემის მცდელობას. კერძოდ, ენმ-ის თქმით, ეს კომისიის წევრი არ იყო რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამიტომ, პარტია ითხოვდა ფაქტის შესწავლას და კანონით განსაზღვრული ზომების მიღებას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საოლქო კომისიის განმარტებით, კომისიის წევრი ნანა სიჭინავა უბრალოდ სიაში ეძებდა თავის თავს. ფიქრობდა, რომ იყო ამ უბნის სპეც სიაში, თუმცა მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ ამ სიაში არ იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, არც უბნის თავმჯდომარეს არ დააკისრეს არანაირი პასუხისმგებლობა.

მანამდე საოლქო კომისიის წევრმა მირანდა გოგოხიამ სხვა მოსაზრება გამოთქვა, რომ ამ უბნის კომისიის წევრს უნდოდა ხმის მიცემა, რაც გაყალბება იქნებოდა. მისივე სიტყვებით, ალბათ ეს შემთხვევები იყო მასიური. მისი აზრით, უნდა გაეფრთხილებინათ ნანი სიჭინავა და უბნის კომისიის თავმჯდომარე, რადგან თავის მხრივ, მას უნდა მიეწოდებინა სიჭინავასთვის ინფორმაცია, რომ ის სპეც სიაში არ იქნებოდა.

ანა წითლიძის თქმით, რომ არა მათი საჩივარი, უბანზე ეს ადამიანი ხმას მისცემდა და ამიტომაც ითხოვდა დისციპლინურ პასუხისმგებლობას როგორც კომისიის ამ წევრის, ასევე თავმჯდომარის მიმართ. მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კომისიამ მიიჩნია, რომ ასეთი დარღვევა არც დაფიქსირებულა.