ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო საჩივრების განხილვა. პირველი განიხილეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის – “განვითარებისა და დემოკრატიის” საჩივარი. მათი თქმით, ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დარღვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, #16-ე უბნის შემაჯამებელ ოქმებში (მერის და პროპორციული) არ არის მითითებული შედგენის დრო და თარიღი. ამასთან, პროპორციულ ოქმში გადასწორებულია #9-ე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა.
გადაითვალეს 16-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენები და მითითებულ დარღვევაზე, რომ გადასწორებული იყო #9-ე სუბიექტის ხმათა რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარეს დიაციპლინური პასუხისმგებლობა – გაფრთხილება დაეკისრა. ეს მოსაზრება ხმათა უმრავლესობით მიიღეს კომისიის წევრებმა.
ამავე საჩივრის თანახმად, #23-ე უბნის შემაჯამებელ მაჟორიტარულ ოქმში არ იყო შედგენის დრო და თარიღი მითითებული.
ამას გარდა, #48-ე უბნის ოქმი არ იყო კომისიის ბეჭდით დამოწმებული.
ორგანიზაცია ითხოვდა ამ დარღვევებზე რეაგირებას. კერძოდ, დამრღვევი პირებისთვის, დარღვევის სიმძიმის მიხედვით დაკისრებოდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ორივე შემთხვევაში, კომისიის უმრავლეობამ, მირანდა გოგოხიას და ბაგრატ ქირიას გარდა მიიჩნია, რომ საუბნო სარჩევნო კომისიაში იყვნენ გადაღლილები, მთელი დღის განმავლობაში რთულ ვითარებაში მუშაობდნენ, ეს კი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომ გავლენა მოეხდინა შედგებზე. ამიტომ მათ არ ჩათვალეს საჭიროდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. მირანდა გოგოხიამ და ბაგრატ ქირიამ აღნიშნეს, რომ მათ თავიდანვე უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რა რთულ და დამღლელ ვითარებაში მოუწევთ მუშაობა, ამიტომ დისციპლინური პასუხისმგებლობა – გაფრთხილება უნდა დაკისრებოდათ.