ზუგდიდის მე-17 უბნის გადასატანი ყუთი ბათილად ცნეს

875

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც ის მე-17 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას ითხოვდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ენმ-ის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ ამომრჩევლები – ლოლა ჭაავა, ზაურ ცირდავა და ნარიკო ჭითანავა, თუმცა მათთან წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრები არ მისულან. “ნაციონალური მოძრაობის” განმარტებით, არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. თუმცა, ამ ადამიანების სახელის და გვარის გასწვრივ ხელია მოწერილი, სავარუდოდ კომისიის წევრების მიერ და არჩევანი გაკეთებული, რაც პარტიის წარმომადგენლებს გაყალბებად და უმძიმეს დანაშაულად მიაჩნიათ.

ანა წითლიძის განცხადებით, ის გაეცნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს. ესმის, რომ მათ გადაღლილობის გამო შეცდომები მოსდით, მცირე ანაზღაურების ფონზე განსაკუთრებით, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ხდება ერთ დღეს და ასეთი რთულიც არ უნდა იყოს, არ უნდა დაუშვან მსგავსი შემთხვევა.

ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, თავად ემხრობა გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობას. ამ გადაწყვეტილებას მხარი კომისიამაც დაუჭირა. მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ ყუთის გადამტანები “გირჩის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კომისიის წევრები იყვნენ.

ამავე უბნის გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობის საჭიროებაზე საუბრობდა არჩევნების დღეს “გახარია-საქართველოსთვის”. მათი განცხადებით, 6 პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებთანაც გადასატანი ყუთი არ მიუტანიათ, თუმცა ყუთში, რეგისტრირებული 37-ვე ამომრჩევლის ბიულეტენი იყო.