დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში შევძლებთ, გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძემ გუნდის წევრებთან ერთად, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველას არჩევანს პატივს სცემს.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალაქში ყოფილიყო მშვიდობა, მშვიდი გარემო, საქმიანი და რუსთავის განვითარების გეგმებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს რუსთაველებს მხარდაჭერისთვის. ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო დესტრუქციის მიუხედავად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დავდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში ერთად დგომით და მაქსიმალური მობილიზაციით შევძლებთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ და მათ შორის მე, კარგად ვიცნობთ რუსთაველებს და ვიცით, რომ მათ არ სურთ განვითარების შეჩერება, ვიცით, რომ ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად, ჩვენ ყველას ხვალინდელი უკეთესი დღის სურვილი გვაერთიანებს ამ ქალაქში ჩვენი შვილებისთვის. რუსთავი უნდა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, მიმზიდველი და თითოეულ რუსთაველს უნდა გვეამაყებოდეს, რომ ვცხოვრობთ ამ ქალაქში, არცერთ ჩვენგანს არ დაგვიშვია და არც დავუშვებთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შემოიტანოს ამ ქალაქში დესტრუქცია, სიძულვილი და ძალადობა. ჩვენ, ჩვენი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ ჩვენს ქალაქში, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ერთად და მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ჩემი გუნდის წევრებს, ვინც ერთად ვიყავით ჩართული საარჩევნო პროცესში, ძალიან ღირსეული კამპანიისთვის, გამძლეობისთვის და ერთგულებისთვის. ჩემთვის მეათე ხარისხოვანია პოლიტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ქალაქზე, მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილებას და არჩევანს, მე ვიქნები ყველას მერი და ჩვენ ერთად შევძლებთ ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე და ერთმანეთზე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნების“ გუნდის წევრები არ გასულან დემოკრატიის და კანონიერების ჩარჩოდან, შედეგი კი რაც მიიღეს, ეს იყო ხალხის არჩევანი და ისინი პატივს სცემენ ამ არჩევანს.
,,ჩვენი გუნდის წევრები რჩებიან გუნდში და ვაგრძელებთ ერთად ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მზადებას, პირველი ტური ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შევძლებდით ამ გეგმების განხორციელების დაწყებას, თუმცა ვრჩებით ერთად და ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას“ , – განაცხადა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით მეორე ტურია მოსალოდნელი. რუსთავის მერობისთვის ორი კანდიდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იბრძოლებს. ცესკო-ს პირველადი შედეგების თანახმად, არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ამომრჩეველთა ხმების 43.54% მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ 44.8% მოიპოვა.