პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ჩუღურეთის 34-ე საარჩევნო უბანზე სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დარღვევა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ანა დოლიძის პარტიამ ცესკოში დაახლოებით 30 საჩივარი წარადგინა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან სერიოზული დარღვევებითა და ხარვეზებით ჩატარდა. ეს დარღვევები არამარტო კამპანიის განმავლობაში იყო არამედ, არჩევნების დაწყებამდე, ასევე თავად საარჩევნო დღეს და განსაკუთრებით ხმების დათვლის დრო. როგორც ჩანს, კონკრეტული განზრახვა იყო, რომ ჩვენთვის, კონკრეტულად პარტია „ხალხისთვის“ დაეკლოთ ხმები, ვინაიდან საშიშროებას წარმოადგენს არა რომელიმე პიროვნება, ან რომელიმე მაჟორიტარი, არამედ საშიშროებას წარმოადგენს ახალი ძალა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ ორპოლუსიანობას როდესღაც ექნება დასასრული.
ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებით, სწორედ პარტიას დააკლეს ხმები არაერთ უბანზე. დღეს მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ჩუღურეთის 34-ე საარჩევნო უბანს და ასეთი უბნები იქნება ბევრი, მაგრამ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ცესკომ ყველა ოქმი ატვირთოს. 34-ე საარჩევნო უბანზე ხმები აქვს მიღებული მაჟორიტარობის კანდიდატ სერგო ლომიძეს, ხმები მაქვს მიღებული მე, მერობის კანდიდატს, ხოლო პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ გრაფა არის ცარიელი, სადაც ამავე დროს ზუსტად ვიცით, რომ კონკრეტულად მაჟორიტარებმა და კონკრეტულად ჩვენმა ქომაგებმა მისცეს ხმა. ეს უკვე რაღაცა „ლაზღანდარობა“ კი აღარ არის ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. გარდა ამისა დავითვალეთ ნაძალადევის ოქმების შედეგები, სადაც მაჟორიტარს აქვს ასით მეტი ხმა, ვიდრე ეს ასახულია საბოლოო ჯამში ცესკოს ვებგვერდზე. სავარაუდოდ, იყო შეთანხმება და განზრახვა, რომ კონკრეტულად დიდი წარმომადგენლობა საკრებულოში არ ქონდეს პარტიას, სხვა შემთხვევებიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენს წინაშეა, ერთი კონკრეტული შემთხვევა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ.
ჩვენმა პარტიამ წარადგინა დაახლოებით 30 საჩივარი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვითხოვთ ყუთების გახსნას, ხმების გადათვლას. ყველა საჩივარზე წავალთ სასამართლოში, მაგრამ ეს შემთხვევა კონკრეტულად მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა დოლიძემ.