„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.
როგორც კახიანი განმარტავს, ინციდენტებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
„მთელი დღე ვიმყოფებოდი მარნეულში და სრულ ინფორმაციას ვიღებდი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადი სურათით სიმშვიდე იყო, რამდენიმე ინციდენტი იყო, რომელიც სამწუხაროდ, შეგნებულად პროვოცირებული იყო რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდა, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს სიწყნარით შევხვდით, ყველა ინციდენტი აღმოფხვრილი იყო. რაც მთავარია, არცერთ მათგანს არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს კონკრეტული უბნის და არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო შედეგები არ ვიცით, იმ ინფორმაციით, რომელიც გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში პირველივე ტურში დასრულდება ეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებიც გაიმარჯვებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია“, – განაცხადა კახიანმა.