„ლელოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი: სოფელ საჩინოს N28 უბანში „კარუსელი“ დატრიალდა

307

„ლელოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, სოფელ საჩინოს #28 უბანში „კარუსელი“ დატრიალდა. უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ამბობს, რომ გაცემული ბიულეტენი ხელმოწერების რაოდენობას აღემატება. ბელქანია მიიჩნევს, რომ ამ უბანზე კენჭისყრის პროცედურა არ უნდა გაგრძელდეს.

„ტოტალურად გაყალბება უკვე დაიწყო 15:00 საათისთვის. რეალურად საჩინოში დაფიქსირდა „კარუსელი“. მოსული ამომრჩევლების ხელმოწერას გაცემული ბიულეტენები აღემატება. კიდევ ვინ იცის რამდენი დაემატება ამ რაოდენობას. ადგილზე იყო წალენჯიხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ვერ ახსნა თუ რა ხდებოდა”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

უბნის თავმჯდომარე უარყოფს ბრალდებებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხუთი ბიულეტენის სხვაობა იყოს.

„ეს არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს 12:00- საათიანი გადათვლა, იყვნენ აქ ცესკოდან დამკვირვებლები. შემდეგ 14:00 საათზე მომდევნო გადათვლის დროს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ვითომ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს ხან მეტი ჰქონდა ბიულეტენი ხან ნაკლები. ერთი ვნახე მართლა გაფუჭებული, რომელსაც ყუა ჩამოვაჭერი და გადავდე. ამაზე უკვე მქონდა რეაგირება და ვუთხარი, რომ ეს არ იყო სახმაურო და დათვლის დროს გავარკვევდით. მაგრამ არ დაელოდნენ ამას, შემომივარდნენ, დამემუქრნენ უბნის დახურვით. გადაკეტეს კარები და ამომრჩევლები არ შემოუშვეს. ამ დროს განერვიულდა რეგისტრატორი და შეიძლება გაეპარა, სადღაც ხუთამდე ბიულეტენი”,- განაცხადა უბნის თავმჯდომარემ დალი ზარქუამ.