“შემოხაზე ოთხი და ერთი” – ვარხნის N7 უბნის დამკვირვებელი ამომრჩეველს

479

ადიგენში, სოფელ ვარხნის N7 საარჩევნო უბანზე„ საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელმა, მზია კბილაშვილმა ერთ–ერთ ამომრჩეველს, სანამ კაბინაში შევიდოდა უთხრა – „აბა შენ იცი ლამაზო, შემოხაზე ოთხი და ერთი“.

აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. მოგვიანებით მზია კბილაშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტთან უარყო, რომ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ კანდიდატის შემოხაზვა ურჩია, „ვაიმე, ცილს მწამებთ, გინდათ რაღაცის აგორება“.

სწორედ აღნიშნულ უბანზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, მარეხი დათიაშვილი.

„ძალიან უხერხული მდგომარეობაა. ვარხანი პატარა სოფელია, ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი ყველას უჭირს, თუმცა პირად საუბრებში მეუბნებიან რომ უბანზე ხმის დაფიქსირებისას ამომრჩევლებს თითქმის კაბინაში მიჰყვებიან. კონტროლია ხმას ვის აძლევენ“, – ამბობს მარეხი დათიაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 19 უბანია გახსნილი. გამარჯვებისთვის მერობის ორი კანდიდატი იბრძვის.