ზუგდიდის მე-4 და მე-19 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უბნებზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულ გარემოს, უვარდებიან უბნებს და კომისიის წევრებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. მესხის შეფასებით, ოპოზიიციის პროვოკაციის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, კანონის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში.
15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 33 625-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.11%-ია. მირანდა მესხის განცხადებით, ამ დროისთვის, დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება და გავლენას ვერ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.