ზუგდიდის №4 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ,,ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საარჩევნო უბანზე დაიწყო და უბნის გარეთ გაგრძელდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან უბნის თავმჯდომარის მოადგილე შეუძლოდ გახდა.
,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. კარუსელის აღკვეთის მცდელობას მოჰყვა. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც სახელი და გვარი დაავიწყდა და „პირადობის მოწმობას დაუწყო ყურება”.
„კარუსელის“ მცდელობას ჰქონდა ადგილი, შემოვიდა ქალბატონი, რომელსაც სანამ უბანზე შევიდოდა ჰკითხეს სახელი და გვარი, რაზეც ვერ უპასუხა და დაიწყო პირადობის მოწმობის ძებნა. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც შემოდიოდა სხვისი პირადობით. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა და კომისიის წევრა ითხოვა, რომ გარკვეულიყვნენ რა მოხდა, უბანზე მოხდა ჩხუბი. „კარუსელის“ შემთხვევა იყო აღკვეთილი, მაგრამ ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევეს გარეთ”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.