ელენე ხოშტარია, რომელიც უბანზე საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას ითხოვდა, არაუფლებამოსილი პირია – როცა არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური, რომ მას აქვს განზრახვა, არიოს, ჩაშალოს უბნები,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საჩივარი უფლებამოსილმა პირმა უნდა დაწეროს.
„მე ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც, როგორც ვიცი არ არის უფლებამოსილი პირი, შესული იყო უბანზე და აფისიქრებდა პრეტენზიებს, საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას ითხოვდა და ა.შ. დაწეროს მან ვისაც აქვს ამის უფლებამოსილება ან უნდა იყოს დამკვირვებელი, ან პარტიისგან დანიშნული წარმომადგენელი და ა.შ. როცა არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური, რომ რეალურად დარღვევის დაფიქსირება კი არ სურს, ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ეს ინფორმაცია, არამედ მას აქვს განზრახვა, რომ არიოს, ჩაშალოს უბნები და წინა დღეებში მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს დავალებაა „ნაცმოძრაობაში“ და მის სატელიტ პარტიებში,“- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
“არჩევნები ძირითადად, განსაკუთრებით იქ, სადაც პროვოკაციები და დადგმული სპექტაკლები არ არის, მშვიდ ვითარებში მიმდინარეობს. საკმაოდ ნორმალური აქტივობაა, რასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს მაქსიმალური აქტივობისკენ, რა შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება გაფორმდება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი შტაბებიდან შემოდის. არის ცალკეული დარღვევები მართლაც, ოღონდ მისი ავტორები, იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან, რასაც ზოგიერთი მაუწყებელი ამცნობს საზოგადოებას. დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა, არ მიდის ჩვენი მხრიდან პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჟურნალისტების და მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ინფორმაცია არ ჰქონდეს, დადგენილია საარჩევნო ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ამომრჩევლის აღრიცხვა, აგიტაცია და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ, მაგრამ 100 მეტრის რადიუსის გარეთ შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი კანონიერი მოქმედება, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული მაისურებით იყვნენ, ეს დარღვევა არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული ტელევიზიების, პარტაქტივის წარმომადგენლები 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ ასეთ ფაქტებს, ეს არ არის დარღვევა. კონკრეტული ტელევიზიები ვხედავთ, რომ მიდიან ავტომანქანებთან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, აფიქსირებენ, რომ იქ სხედან, დასდევენ გამვლელებს და ეუბნებიან, რომ იქ ყოფნის უფლება არ აქვთ. 100 მეტრის რადიუსის გარეთ არანაირი დარღვევა არ არის თუნდაც მოწოდება, აგიტაცია და ა.შ.სადაც არ არის დარღვევა, იქ ქმნიან აჟიოტაჟს, თუ მართლა დარღვევა იქნება უფლებამოსილმა პირებმა უნდა დააფიქსირონ,“- განაცხადა მდინარაძემ.