უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ

322

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა.

„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ჩვენ დავუძახეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკრაინაში. ის დღეს დილით მოვა სამინისტროში და მოვილაპარაკებთ ყველაფერს. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, თუ მათ თავს რამე უბედურება ხდება“, – განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „დომთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ასევე, დაკავებულია იმ ბინის მეპატრონეც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.

მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.